კონკურსის პირობები

1. კონკურსის ვადები

კონკურსი ჩატარდება 2021 წლის 25 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით. აღნიშნული ვადების ფარგლებში, ონლაინ ტესტირების ეტაპი ჩატარდება მისამართზე https://testebi.mod.gov.ge 2021 წლის 25 მაისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო ვიდეო კონფერენციის ეტაპი 2021 წლის 15 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით.

2. კონკურსზე რეგისტრაცია

კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოს მოქალაქეებს 14 წლის ასაკიდან შეუძლიათ. კონკურსის ონლაინ ტესტირების ეტაპში მონაწილეობისთვის, ფიზიკურმა პირმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს მისამართზე https://testebi.mod.gov.ge განთავსებულ კონკურსის აპლიკაციის შესაბამის ველებში თავისი სახელის, გვარის, პირადი ნომრის და მობილური ტელეფონის ნომრის მითითებით. კონკურსის ვიდეო კონფერენციის ეტაპში მონაწილეობისთვის, ფიზიკურმა პირმა სამინისტროს დამატებით უნდა წარმოუდგინოს პირადობის მოწმობის ასლი. კონკურსის ონლაინ ტესტირების ეტაპში მონაწილეობისთვის წარმოდგენილი სარეგისტრაციო მონაცემების და პირადობის მოწმობაში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში, კონკურსანტი ვიდეო კონფერენციის ეტაპში მონაწილეობას ვერ მიიღებს. კონკურსში მონაწილეობა ფიზიკურ პირს მხოლოდ ერთხელ შეუძლია.

3. პერსონალური მონაცემების დაცვა

პროექტის ფარგლებში, კონკურსის მონაწილეთა პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, პირადობის მოწმობის ასლი, ტესტირების შედეგები და ვიდეო კონფერენციის ჩანაწერი) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პრინციპებისა და მოთხოვნების დაცვით მუშავდება. სამინისტრო უზრუნველყოფს დამუშავებული პერსონალური მონაცემების მხოლოდ კონკურსის მიზნებისათვის და უფლებამოსილი პირების მიერ გამოყენებას, დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან.

4. ონლაინ ტესტირების ეტაპი

ა) საკონკურსო საკითხების საერთო რაოდენობაა 155, რომელთაგან ონლაინ ტესტირებისთვის 60 საკითხს კონკურსის აპლიკაცია შემთხვევითობის პრინციპით არჩევს. კონკურსის აპლიკაციის შესაბამის განყოფილებაში დაინტერესებულ პირს შეეძლება წინასწარ გაეცნოს და შეასრულოს კონკურსის 155-ვე საკითხი.

ბ) კონკურსში მონაწილეობისთვის, დაინტერესებულმა პირმა, ონლაინ ტესტირებისას პასუხი უნდა გასცეს 60 საკითხს, რომლებიც დაყოფილია შემდეგ თემატურ კატეგორიებად: 1. სამხედრო ისტორია; 2. საერთაშორისო ურთიერთობები; 3. თანამედროვე გამოწვევები; 4. სამხედრო სამსახური; 5. შეიარაღება; 6. დროშები და განმასხვავებელი ნიშნები.

გ) ტესტირების მსვლელობის შეწყვეტის შემთხვევაში, აპლიკაციაში სარეგისტრაციო მონაცემების ხელახალი შეყვანით, კონკურსის ვადის ამოწურვამდე, კონკურსანტს ნებისმიერ დროს შეეძლება ტესტების შესრულების გაგრძელება. კონკურსის საკითხზე პასუხის დაფიქსირების შემდეგ, მომდევნო საკითხზე გადასვლამდე დახარჯული დრო არ აისახება ტესტების შესრულების ჯამურ დროზე. კონკურსანტს საკუთარი პროგრესის და საბოლოო შედეგის ნახვა აპლიკაციის შესაბამის განყოფილებაში შეეძლება.

დ) ონლაინ ტესტირების ეტაპის საუკეთესო 10 კონკურსანტი, საკონკურსო საკითხებზე გაცემული სწორი პასუხების რაოდენობისა და საკითხების შესრულებაში დახარჯული დროის მიხედვით, კონკურსის აპლიკაციის მეშვეობით განისაზღვრება. უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელიც სხვა კონკურსანტებთან შედარებით, ნაკლებ დროში, მეტ სწორ პასუხს გასცემს. ორი ან რამდენიმე კონკურსანტის მიერ თანაბარი შედეგის (სწორი პასუხების რაოდენობა და მათ გასაცემად დახარჯული დრო) მიღწევის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელმაც უფრო ადრე დაასრულა ტესტების შესრულება.

5. ვიდეო კონფერენციის ეტაპი

კონკურსის ონლაინ ტესტირების ვადის დასრულების შემდეგ, 2021 წლის 15 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ონლაინ ტესტირების ეტაპის საუკეთესო 10 კონკურსანტს, მათთან წინასწარ შეთანხმებულ დროს, ვიდეო კონფერენციის საშუალებით დაუკავშირდება და დარჩენილი საკონკურსო 95 საკითხიდან სამ კითხვას დაუსვამს. ერთ კითხვაზე პასუხის გასაცემად კონკურსანტს 15 წამი მიეცემა. სამივე კითხვაზე სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში, კონკურსანტს დაუდასტურდება ონლაინ ტესტირების დროს მიღებული შედეგი. სამიდან ერთ კითხვაზე მცდარი პასუხის გაცემის შემთხვევაში, კონკურსანტი კონკურსს გამოეთიშება და მის ადგილს, მასზე ერთი ადგილით უკან მყოფი ის კონკურსანტი დაიკავებს, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელის მიერ ვიდეო კონფერენციის დროს დასმულ სამივე კითხვას სწორად უპასუხებს. ვიდეო კონფერენციის ეტაპის დროს განხორციელდება შესაბამისი ვიდეო მონიტორინგი. ვიდეო კონფერენციის ჩატარების დრო, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლისა და კონკურსის მონაწილის წინასწარი შეთანხმების საფუძველზე დგინდება. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტი ვიდეო კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს, ის კონკურსს გამოეთიშება.

6. კონკურსის ჟიური

კონკურსის ჩატარებას ხელმძღვანელობს და შესაბამისი ოქმით გამარჯვებულთა სიას ამტკიცებს კონკურსის ჟიური. ჟიურის შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის და იურიდიული დეპარტამენტის თითო წარმომადგენლით, რომელთაგან ერთ-ერთი არის ჟიურის თავმჯდომარე.

7. კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება

კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, კონკურსში გამარჯვებული პირების დაჯილდოება სოციალური დისტანცირების წესის და სხვა შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმი ჰოლში“ ჩატარდება 2021 წლის სექტემბერში ან საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები გამარჯვებულ პირებს შესაბამის ჯილდოებს მათივე საცხოვრებელ მისამართებზე გადასცემენ. კონკურსში გამარჯვებული 10 მონაწილის სია და მათი შედეგები გამოქვეყნებული იქნება კონკურსის ვებგვერდზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდსა და ფეისბუქის გვერდზე.